четверг, 15 января 2009 г.
მე მქვია ბიძინა, გვარად ვარ გოგინაშვილი. მე მოსკოვში დავიბადე, მაგრამ წარმოშობით ვარ შიდა ქართლის ქალაქ გორიდან. ეს სახელი ჩემს პაპას ერქვა და მამამ მისი სიყვარულის გამო მეც დამარქვა.
დედა რუსი მყავს და კარგად არ იცის ჩემი სახელის წარმოშობის ისტორია. მამამ კი მითხრა , რომ ბიძინა ქართველი წმინდანი იყო.
XVII საუკუნეში შაჰ აბას I და მისმა ძემ, შაჰ აბას II კახეთი უმოწყალოდ ააოხრეს. ამ კუთხის მთავარმა, ბიძინა ჩოლოყაშვილმა თავს იდვა კახეთის გათავისუფლება თათართაგან. ამისთვის ის დაუკავშირდა ქსნის ერისთავებს: შალვას და ელიზბარს და მოკავშირეობაზე დაითანხმა. ბიძა-ძმისწულმა ქუდზე კაცს უხმეს, შეყარეს თუშნი, მთიულნი და "მცირედ კახნი".
შეთქმულები ღამით თავს დაესხნენ ბახტრიონის ციხეს და მუსრი გაავლეს იქ დაბანაკებულ თათრებს. იმავე დღეს, 1659 წლის ალავერდობის დღესასწაულზე, მიუხდნენ ალავერდს მყოფ ყიზილბაშებს და ისე გაანადგურეს, რომ არდალანის სულთანმა სელიმ-ხანმა მიატოვა ცოლ-შვილი და აჯანყებულებს სპარსეთში ძლივს გაასწრო.
თუმცა ქართველთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. განრისხებულმა შაჰ-აბასმა ქართლის მეფეს, ვახტანგს, სპარსთაგან შაჰ-ნავაზად წოდებულს, უბრძანა შეთქმულების თაოსნები მასთან გაეგზავნა.
ბიძინამ, შალვამ და ელიზბარმა იცოდნენ, რომ შაჰისგან დანდობა არ ექნებოდათ, მაგრამ დამპყრობელთან მაინც გაემგზავრნენ.
შაჰმა პატივით ისტუმრა ქართველი დიდებულები და სიმდიდრისა და პატივის საფასურად სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვა, რაზეც სასტიკი უარი მიიღო. მაშინ წმინდანები სასტიკად აწამეს, ბიძა-ძმისწულს თავები მოკვეთეს, ხოლო ბიძინას ჩადრი დაახურეს, ვირზე შესვეს და ქუჩა-ქუჩა ატარეს, თუმცა ბიძინა ვერც დამცირებამ გატეხა და ხანგრძლივი წამების შემდეგ წმინდა მოწამე შუბით განგმირეს.
სარწმუნოებისთვის წამებულთა ნეშტის გამოხსნა მხოლოდ მრავალი წლის შემდგომ მოხერხდა.საბოლოოდ, გმირები იკორთის მთავარანგელოზის ტაძარში დაკრძალეს.
მე ვამაყობ ასეთი მამაცი ადამიანის მოსახელე რომ ვარ.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий